რა უჯდება დედამიწას ერთი ჯინსი: ტექსტილის წარმოება ციფრებში
19.10.2026 · REWEAR

ტანსაცმელს ყოველდღე ვიცვამთ, მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ, რა გზა გაიარა მან, სანამ კარადაში მოხვდებოდა. მინდვრიდან ქარხნამდე და მაღაზიიდან ნაგავსაყრელამდე ეს გზა დიდ კვალს ტოვებს. აი, რამდენიმე ციფრი, რომელიც ამ კვალს კარგად აჩვენებს.
წყალი: 2700 ლიტრი ერთ მაისურზე
ბამბა ერთ-ერთი ყველაზე წყალმომთხოვნი კულტურაა. WWF-ის შეფასებით, ერთი ბამბის მაისურის დასამზადებლად დაახლოებით 2700 ლიტრი წყალია საჭირო. ეს დაახლოებით იმდენია, რამდენსაც ერთი ადამიანი 2,5 წლის განმავლობაში სვამს. გაეროს მონაცემებით, ერთ ჯინსს კი, მინდვრიდან მაღაზიამდე, დაახლოებით 7500 ლიტრი სჭირდება.
ღებვა და ქიმია
ქსოვილის ღებვა და დამუშავება დიდი რაოდენობით წყალს და ქიმიურ ნივთიერებებს მოითხოვს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მრეწველობის მიერ დაბინძურებული წყლის დაახლოებით 20% ტექსტილის ღებვასა და დამუშავებაზე მოდის. ბევრ ქვეყანაში, სადაც ტანსაცმელი იკერება, ეს წყალი პირდაპირ მდინარეებში ჩადის.

ემისიები
გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) შეფასებით, მოდის ინდუსტრიაზე გლობალური სათბურის გაზების ემისიების 2-დან 8 პროცენტამდე მოდის. ენერგიის დიდი ნაწილი ქსოვილის წარმოებაზე, ღებვასა და ტრანსპორტირებაზე იხარჯება. პოლიესტერი, რომელიც დღეს ყველაზე გავრცელებული ქსოვილია, ნავთობისგან მზადდება.
ერთი სანაგვე მანქანა ყოველ წამს
Ellen MacArthur Foundation-ის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყოველ წამს ერთი სანაგვე მანქანის ოდენობის ტექსტილი ან ნაგავსაყრელზე ხვდება, ან იწვება. ტანსაცმლისთვის გამოყენებული მასალის 1%-ზე ნაკლები გადამუშავდება ახალ ტანსაცმლად.

ყველაზე მდგრადი ტანსაცმელი ის არის, რომელიც უკვე შეკერილია. მეორად ნივთს ახალი წყალი, საღებავი და ქარხანა აღარ სჭირდება.
რისი გაკეთება შეგვიძლია
ციფრები დიდია, მაგრამ გამოსავალი მარტივია: ნაკლები ახალი და მეტი ტარება. იყიდე ნაკლები, მაგრამ ხარისხიანი. მოუარე ნივთს, რომ დიდხანს გაძლოს. და თუ ახალი რამ გინდა, ჯერ მეორადში მოძებნე. ჩვენთან ყოველი ნივთი უკვე არსებობს და ახალ პატრონს ელოდება.


